იმედით თუ უიმედოდ


 

 

ტელეკომპანია “იმედის” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ გეცოდინებათ უკვე: მაყურებელი ახალი სეზონიდან საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თოქ–შოუებს ვეღარ იხილავს. ამის მიზეზად ახალი სატელევიზიო ფორმატის შემუშავება სახელდება, რაც საკმაოდ ბუნდოვნად ჟღერს და გარკვეულ კითხვებსაც ბადებს.

საკითხზე საუბარი დავიწყოთ ისტორიის მიმოხილვით: ფაქტები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მოხდა და არ გვავიწყდება. 2007 წლამდე ქართულ ტელესივრცეში ორპოლუსიანობა იყო. “რუსთავი 2” და “იმედი,” შეიძლება ითქვას, უკონკურენტოები იყვნენ. ორ არხს შორის არსებული მძლავრი კონკურენცია თვალსაჩინო იყო, რასაც დადებითი ეფექტიც ჰქონდა: გამალებული შეჯიბრი უკეთესი პროდუქტის შექმნასა და პირველობისკენ ბრძოლას განაპირობებდა. შემდეგ იყო “იმედში” ნიღბებით შევარდნა, სიტყვის თავისუფლების აღკვეთა, ძალა, შიში და ქართულ პოლიტიკურ–ჟურნალისტურ ჭრილში მიღებული ერთი პოლუსი.

მას შემდეგ, თანდათანობით, “იმედის” იმედი ბრუნდებოდა. ძველი და ახალი სახეები, თოქ–შოუები, საუბრები სოციალურ–პოლიტიკურ საკითხებზე. იყო გადაცემები, სადაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, საინტერესო და მტკივნეულ თემებზე საუბრობდნენ. High Class ნამდვილად ვერა, მაგრამ ჩანდა პერსპექტივა, დროთა განმავლობაში მაყურებელს უფრო მაღალი ხარისხი მიეღო და შექმნილიყო მრავალფეროვნება ქართულ ტელესივრცეში (ინდურ და თურქულ ერთფეროვნებას, სამწუხაროდ, უკვე შევეჩვიეთ). თუმცა, მოულოდნელად “იმედის” მორიგი ვარდნის შესახებ გავიგეთ.

პრობლემა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბუნდოვანობასა და ზედაპირულობაშია – რა არის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი? პასუხი არადამაკმაყოფილებელია და ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. რას შემოგვთავაზებს მომავალში “იმედის” ხელმძღვანელობა, სამომავლოდ გამოჩნდება, მაგრამ ახალი პროდუქტის შექმნამდე არსებული გადაცემების გაუქმებას ალოგიკურობის ელფერი დაკრავს. ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხი მთელ ამბავში არის ის, რომ იდეაში (!) მოახლოებული 2016 წლის არჩევნების წინ “იმედზე” პოლიტიკური თოქ–შოუებს მთავარი მედიატორის როლი უნდა შეესრულებინა და მოსახლეობისთვის ფიქრის, ანალიზისა და არჩევანის გაკეთებაში შეეწყო ხელი. რამდენად წარმატებით გაართმევდა ტელეკომპანია “იმედი” ამ ამოცანას თავს, მეორე საკითხია, მაგრამ გადაცემები დაიხურა, ხარისხს კი ვეღარ განვსჯით.

ფაქტია, რომ უკეთესი ხარისხის მისაღებად პლურალიზმი ტელესივრცეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ასევე აუცილებელი ძლიერი ტელემედიაა, რომლის სამაუწყებლო ბადის გატენვა ხელმისაწვდომობისა და ზედმეტი გარჯის გარეშე მიღებული ინდური სერიალებით არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია “იმედი” კიდევ ერთხელ იძირება, ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს. Let’s see.

ბევრის გაგრძელება, ვგონებ, რომ საჭირო აღარ არის. ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის, იმედი გაქრა – ბრჭყალებით თუ უბრჭყალებოდ.

Silhouette of a man in a business suit giving a shrug with a question mark

დატოვე კომენტარი